ვიდეო
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. მეტიც, რეგიონს დიდწილად მაინც ტრანზიტული ფუნქცია აქვს და ცალკეული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, სტუმრები გზას სვანეთისკენ აგრძელებენ.

როგორ დაიწყო ყველაფერი

წლების წინ, ჩხოროწყუს სოფელ მუხურის მცხოვრებმა რომან თოლორდავამ, ხელში ფოტოაპარატი აიღო, რომ მშობლიური კუთხე ქართველთან ერთად, უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც გაეცნო. ერთ ფოტოს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, ფოტოებს გამოხმაურებები, დაინტერესება და ვიზიტორები.

ამ ყველაფერს 90-იან წლებში, სამეგრელოს რეგიონში, საქართველოს სპელეოლოგთა კავშირის გააქტიურება უძღოდა წინ. სწორედ მათთან ერთად გადაწყვიტა რომანმა ისეთი პროექტი მოეფიქრებინა, რომლითაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ფართო საზოგადოებას უჩვენებდნენ. პირველი სამიზნე ტობავარჩხილის ტბათა სისტემა იყო, რომელიც ეგრისის ქედზე მდებარეობს. აქამდე ტბებზე ექსპედიციით მხოლოდ გაზეთ "ჩხოროწყუს" კორესპოდენტები იმყოფებოდნენ და სტატიაც შავ-თეთრ ფოტოებთან ერთად, მათ გამოაქვეყნეს. მაგრამ ტურისტულად საინტერესო მარშრუტების პოპულარიზაციაც ადგილობრივ მკითხველს ვერ გაცდა. ამიტომ, უფრო მეტი მკითხველი მოსაზიდად ვებ-გვერდი - samargalo.ge გაკეთდა.

ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის უცხოელი ვიზიტორებისგან. ტურიზმის სფეროს ფრანგ და იტალიელ ექსპერტებთან რთად ეგრისის ქედზე პირველი საერთაშორისო ექსპედიციაც მოეწყო. სტუმრებმა ტობავარჩხილს ერთ-ერთი იშვიათი ადგილი უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს სივრცე მომავალში ძალიან ბევრ ტურისტს მიიზიდავდა.

"ტობას თემას მივუძღვენი 5 ათასამდე ფოტო. ეს ფოტოები პერიოდულად ვრცელდებოდა როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. ჩამოვიდნენ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებმაც თვითონაც დაიწყეს ამ თემაზე მუშაობა. შურუბუმუს ხეობაში პეკინიდან გვყავდა ორი ცნობილი პროფესორი. მათ ჩინეთში საბავშვო გამოსცეს წიგნი, რომლის წინა ყდაზეც შურუბუმუს საოცარი პეიზაჟია", - უთხრა რომან თოლორდავამ "ლაივპრესს".

ნელ-ნელა შიდა ტურიზმმა სამეგრელოში ფეხი მოიკიდა. 2004 წელს, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის, სპელეოკავშირის და რომან თოლორდავას ძალისხმევით, ტობას ფესტივალიც შედგა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კი, ეგრისის ქედის ტურისტული ბილიკების კვლევაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში ეკოტურიზმის განვითარების ასოციაციამ გაიმარჯვა და პირველი დოკუმენტიც გაკეთდა, სადაც მეტ-ნაკლებად ყველა მარშრუტი დაიტანეს. დამზადდა ტურისტული რუკები, საინფორმაციო კამპანიამ კი ტობავარჩხილის ტბათა სისტემის დამთვალიერებელთა რაოდენობა გაზარდა - ეგრისის ქედს წელიწადში, 3-დან 5 ათასი ტურისტი სტუმრობდა.

"რაც მთავარია, ორი წრიული მარშრუტი გაკეთდა. ერთი ხაიშზე გავლით ჩადიოდა სვანეთში, მეორე სქურში, და პირიქით. გამოვაქვეყნე ულამაზესი ტბის, ლაკუმურას ტობას ფოტო, რომელიც ხილულია დაახლოებით 2 თვე. მერე მყინვარული ხდება. ამ ფოტოებმა იმდენად დააინტერესა ჯგუფები, რომ ფაქტობრივად წყვეტა არ იყო", - იხსენებს რომან თოლორდავა.

მისივე თქმით, ვიზიტორებს აქ, ტბებიდან გამომავალი ჩანჩქერების და მხოლოდ ეგრისის ქედისთვის დამახასიათებელი მიკროენდემების ნახვაც შეუძლიათ, ეს კი, ტერიტორიას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

ფოტოხელოვანი ამბობს, რომ იმ პიარ კამპანიის შედეგად, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდნენ, ცალკეულ ლოკაციებზე გადასახედებიც მოეწყო და საინფორმაციო ბანერები განთავსდა:

"მთელი წლების განმავლობაში ამას მარტო ვაკეთებდი სპელეო კავშირთან ერთად. ეს იყო ჩვენი ფინანსები. ბოლო პერიოდში აქტივაცია დაიწყო კომპანია ჰოლდინგმა "ხარებამ", რომელმაც დაგვიფინანსა რამდენიმე პროექტი. მათ შორის საიმიჯო წიგნი სამეგრელო-ზემო სვანეთზე, სადაც 80-ზე მეტი, საზოგადოებისთვის უცნობი ადგილის ფოტოა შეკრებილი", - აღნიშნა მან.

სამეგრელოს ტურიზმი - პრობლემები და გამოწვევები

რომან თოლორდავას თქმით, პირველი, რაც სამეგრელოში ტურიზმის განვითარებას სჭირდება, მისი სრული პოტენციალის განსაზღვრაა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იფიქრონ, როგორ შესთავაზონ რეგიონის ღირსშესანიშნაობები ვიზიტორებს. ფოტოხელოვანი ერთიანი ტურისტული ელექტრონული ვებ-გვერდის ამოქმედების აუცილებლობაზეც საუბრობს, სადაც დაიტანენ ყველა საინტერესო ლოკაციას მომსახურების დეტალებთან ერთად. ამბობს, რომ ასე, სამეგრელო მხოლოდ ტრანზიტული რეგიონი აღარ იქნება.

"რატომ უნდა ჩამოვიდნენ სამეგრელოში? - თუნდაც იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ტურისტები, ზაფხულის ერთ დღეს წელიწადის ყველა დროში ამოგზაურონ, დაწყებული ანაკლია-განმუხურის შავი ზღვის სანაპიროთი, ეგრისის ქედის მყინვარებზე გუნდაობით დასრულებული:

"ეს ის შესაძლებლობაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავს, ან ნაკლებად ნახავს. რა თქმა უნდა, ის სხვაგანაც წავა, მაგრამ აქ აუცილებლად დაბრუნდება", - გვიხსნის ფოტოხელოვანი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც რომანი საუბრობს, ტურების დისტანციურად ორგანიზებაა. ტურისტებს უჭირთ ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც, მაგალითად ტობავარჩხილის მოსანახულებლად მათთვის იქირავებს ცხენებს, სხვა სატრანსპორტო საშუალებას. უმრავლესობა ადგილზე თავად იწყებს ყველა ამ დეტალზე ზრუნვას. თუმცა ბევრი პირადად მას სთხოვს დახმარებას, დაკვალიანებას. რამდენად უსაფრთხოა მარშრუტი, რა აღჭურვილობა უნდა ჰქონდეთ თან, სად შეძლებენ ცეცხლის დანთებას, წყლის მოპოვებას, ეს ის კითხვებია, რაც სტუმრებს აქვთ:

"ამას ყოველდღიურად ვაკეთებ. განსაკუთრებით აქტიურ ტურისტულ პერიოდში, დღეში ერთი საათი მაინც მიწევს ამ თემას დავუთმო".

რომან თოლორდავას თქმით, მასობრივი ტურიზმისთვის დღეს მისი მშობლიური მუხური და სამეგრელოს სხვა სოფლები მზად არ არიან. აქ ბევრი, ერთდროული სტუმარი ვერც ღამის გასათევს იპოვის და ვერც გიდების მომსახურებით ისარგებლებს.

მომავალ წელს მან სამი, მათ შორის მუხურელებისთვის უცნობი ტურისტული მარშრუტის მოწყობა დააანონსა. ერთია ხობისწყლის სათავე. ვიზიტორები ამ ტერიტორიის მხოლოდ იმ მონაკვეთს იცნობენ, რომლითაც ხაიშში გადადიან. მეორე დიდივეს სივრცეა - დაახლოებით 10 ათასი ჰექტარი წიწვოვანი ტყის ვაკე. მესამე კი, მდინარე ხობისწყლის ჩანჩქერი. მისი სიმაღლე 22 მეტრია, ვიწრო ხეობაში ჩამოდის და ადგილობრივებმა დარდანელის სრუტესთან მსგავსების გამო, თავის დროზე დარდანელის ჩანჩქერი შეარქვეს.

რა კეთდება გამოწვევების საპასუხოდ

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე ორგანიზაცია, სამეგრელოში 2018 წლიდან მოქმედებს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა საჯაია ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და მუშაობა გრძელდება.

მისი თქმით, უკვე შეიქმნა ვებ-გვერდი - visitsamegrelo.ge, სადაც ტურისტული მარშრუტები და ყველა მნიშვნელოვანი ლოკაცია, ვიზიტორებისთვის საჭირო სხვა მასალებთან ერთად განთავსდა. ელექტრონული გვერდი დღეს განახლების რეჟიმშია და მალე ჩაირთვება. გეგმავენ ციფრული ტურისტული აპლიკაციის შექმნასაც უკვე წელს კი, საინტერესო ლოკაციების შესახებ, ქვეყნის მთავარ საავტომობილი გზაზე, სარეკლამო ბილბორდები უნდა მოეწყოს.

ორგანიზაციის ცნობით, პანდემიამდე, 2019 წელს, რეგიონს 250-300 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც მზარდი მაჩვენებლი იყო წინა წლებთან შედარებით. კორონავირუსის პირობებში ეს ციფრი თითქმის 10-ჯერ შემცირდა, წელს კი, საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ.

სამეგრელოში მარტვილის კანიონს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ენგურჰესის კაშხალს, ტობავარჩხილის ტბებს, დადიანების მუზეუმს და ნოქალაქევს ვიზიტორები ყველაზე ხშირად ჰყავს. წელს საზღვაო კურორტების - ანაკლიის და მალთაყვის მიმართ ინტერესი, უცხოელი დამსვენებლების მხრიდანაც გაიზარდა.

ზუგდიდის, მარტვილის და ფოთის გარშემო, ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ლოკაციებზე, ორგანიზაციამ გზამკვლევი გამოსცა, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი, გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოწყობაა, რაზეც მუნიციპალიტეტის მერებთან მუშაობა გრძელდება.

უცნობი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისთვის, საიმიჯო ვიდეორგოლებიც მომზადდა გასტრონომიულ კულტურასა და ადგილობრივ მეღვინეობაზე, სამეგრელოს თავადების კულტურულ მარშუტზე.

ორგანიზაციისვე ცნობით, კულტურულ-ტურისტული მარშრუტის - "დადიანების კვალდაკვალ" განვითარებაზე მუშაობენ და ის სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. ამ ეტაპზე მარშრუტის დამარკვა-პოპულარიზაცია ხდება და დაფინანსების მოლოდინში არიან.

ფოტოხელოვან რომან თოლორდავას თქმით, ტურიზმის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას, მომსახურების ყველა სფეროს გამართული მუშაობა სჭირდება, ხელისუფლებას კი ბევრი ბერკეტი აქვს საიმისოდ, შეცვალოს პრობლემებით და გამოწვევებით სავსე რეალობა:

"ხელისუფლებას სჭირდება იყოს ათჯერ უფრო ქმედითი, გადაწყვეტისუნარიანი. ხედავთ რა ხდება ბათუმში. ჩვენს მაგისტრალებზე კი პრაქტიკულად კოლაფსია, რადგან ინფრასტრუქტურა მოუმზადებელია. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენ ტურისტს შეგვიძლია მოვემსახუროთ უპრობლემოდ და რამდენის შემთხვევაში გვექნება პრობლემა - ინფრასტრუქტურით დაწყებული, კვებით დამთავრებული", - ამბობს ის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.