ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს აერთიანებს. ერთ დროს წარმატებული ფეხბურთელები, დღეს დაფინანსების სიმწირეს უჩივიან და დახმარებას ითხოვენ. ყოველი თამაშის წინ საბრძოლო განწყობა, უკვე საკმარისი აღარ არის. გუნდი რამდენიმე სპორტსმენმა უკვე დატოვა და შესაძლოა ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს.

უმოტივაციოდ...დაშლის პირას

კლუბი "ოდიში" ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰანგის" ბაზაზე 2012 წელს ჩამოყალიბდა. 2014 წელს ქვეყნის ჩემპიონებიც გახდნენ. მერე იყო საპრიზო ადგილები თუ გამარჯვება სხვადასხვა ტურნირზე. გუნდის სამი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრია. ნაკრებში თამაშის შანსი აქვს მეკარესაც.

დღეს მათ ახალი წარმატებებისთვის მოტივაცია სჭირდებათ, მოტივაციას კი საჭირო ფინანსები. კრიზისი ყველაზე უკეთ საფეხბურთო კალენდარზე იკითხება. ბოლო წლებია ექვსგუნდიან ჩემპიონატში, "ოდიში" მე-4 ან მე-5 ადგილს იკავებს.

ფეხბურთელები კვირაში ორჯერ სავარჯიშოდ, რკინიგზის სადგურის უკანა ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე იკრიბებიან. უამინდობის შემთხვევაში დარბაზში ვარჯიშობენ. ყავარჯნები, რეზინი ყავარჯნისთვის და ბურთი ის მინიმუმია, რის გარეშეც თამაში არ გამოდის. გუნდს, რომელიც 2019 წლიდან ცალკე ააიპ-ად ჩამოყალიბდა, ზუგდიდის მერია აფინანსებს. დაფინანსების დიდი წილი სწორედ აუცილებელი ინვენტარის შეძენას ხმარდება.

კლუბის დირექტორი თამაზ გაბლაია, "ოდიშში" მცველის პოზიციაზე თამაშობს. 60 წლის ფეხბურთელი გუნდში ყველაზე ასაკოვანია. მასზე სულ რამდენიმე წლით უმცროსია გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობა. ახალგაზრდა მოთამაშეების მოზიდვა გუნდის კიდევ ერთი პრობლემაა. ანაზღაურება მხოლოდ 300 ლარს შეადგენს, ამ პირობებში კი, მსურველებისთვის სამოტივაციოდ, არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ.

"ბევრი წავიდა გუნდიდან. კიდევ ერთი ფიქრობს წასვლას. 300 ლარად არ მოდის ის კაცი. ერთი ფეხი მაქვს და ისიც რომ მოვიტეხო, ჩემი პატრონი ვინ არისო..

რეზინებს ყავარჯნისთვის თავიდან ერთ ცალს 3 ლარად ვყიდულობდით. ახლა გაიზარდა ფასი. თავიდან არაუშავდა. 34 ათასი ლარი გვაქვს მერიისგან. ყოველ წელს გვეხმარებიან. მაგრამ გაძვირდა ყველაფერი, ტრანსპორტირებაც, საწვავიც. თითქმის 140 ლარი ღირს ცალი ყავარჯენი და ისიც მეორე, მესამე თამაშზე ტყდება", - უთხრა "ლაივპრესს" თამაზ გაბლაიამ.

მერიას დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით შარშან მიმართეს. მართალია ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.

თამაზ გაბლაიას იმედი აქვს, რომ თხოვნას მომავალი, 2023 წლის ბიუჯეტში მაინც გაითვალისწინებენ.

დაფინანსების გაზრდის პირობებში, დირექტორის თქმით, იქნებ ახალგაზრდა კადრებიც დააინტერესონ და "ოდიშიც" გადახალისდეს, ისევ გახდეს ჩემპიონატებზე ერთ-ერთი წამყვანი გუნდი. სხვანაირად მოწინააღმდეგეებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდებათ.

სტიგმის დაძლევის ისტორია...რესოციალიზაცია

ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდში თამაშის პირობა ასეთია - მოთამაშეს ფეხი უნდა ჰქონდეს ამპუტირებული, მეკარეს კი ხელი. თავიდან წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ საჯაროდ ასე გამოჩენა და მოედანზე გასვლა, თუმცა საკუთარ თავში მაინც იპოვეს ძალა და ბევრისთვის მაგალითად იქცნენ.

თამაზ გაბლაიამ ფეხი აფხაზეთის ომის დროს დაკარგა. ნაღმზე აფეთქდა. ფეხბურთი, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა, დაეხმარა ცხოვრება ახლიდან დაეწყო, სახლში არ ჩაკეტილიყო და სხვებიც დაერწმუნებინა, რომ ამით არაფერი დასრულებულა.

მისი საფეხბურთო კარიერა1998 წელს, თბილისიდან დაიწყო, რამაც მისი ერთფეროვანი ყოველდღიურობა შეცვალა. გაჩნდა ახალი ინტერესები, მოტივაცია. ერთი წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის ვეტერანი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოდის, 2012 წელს კი თამაშს ადგილობრივ, ახლადშექმნილ გუნდში განაგრძობს.

"ფეხბურთის მერე სხვანაირი ცხოვრება წავიდა. წელიწადში ორჯერ ტურნირი გვაქვს და ექვსი გუნდი ვიკრიბებით. მაინც, ერთნაირი გაჭირვება რომ გვაქვს, სხვანაირია. უკვე მიჩვეულებიც ვართ და არ გვინდა დავიშალოთ. ასე ვთვლით, რომ რაღაცაში ვართ საჭირო", - გვითხრა თამაზ გაბლაიამ.

იოლი არ ყოფილა ცალი ფეხით თამაში და უხერხულობის დაძლევა, მაგრამ ამბობს, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია. ზუსტად ამ განწყობით, სამეგრელოში არაერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეხვდა, მათ ვინც ტრავმის შემდეგ სახლებში ჩაკეტვა ამჯობინა:

"მთელი დღე სახლში რომ იჯდე და არაყს და ღვინოს მიაწვე, დამთავრებულია ეს ცხოვრება":

თამაზ გაბლაიას მსგავსად, სახლში ჩაკეტვიდან საზოგადოებაში ხელახალ ინტეგრაციამდე, ფეხბურთი ერთგვარი ხიდი აღმოჩნდა გუნდის კაპიტან გულად ფიფიასთვისაც. ფეხბურთმა თავი ისევ რიგით, სრულფასოვან მოქალაქედ აგრძნობინა. დღეს უკვე თამამად ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ამაში სხვების დარწმუნებას საკუთარი მაგალითით ცდილობს.

"ვცდილობთ ეს მოტივაცია გადავცეთ ყველას, ვინც ჩვენსავით შშმ პირია. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც სქესს. ნებისმიერს მივიღებთ, ნებისმიერს ჩავიხუტებთ და ცხოვრებას ვაჩვენებთ სხვა თვალით", - ამბობს კაპიტანი, რომელიც "ოდიშში" მისი დაარსების დღიდან თამაშობს.

გულად ფიფიას თქმით, არაერთხელ გასაუბრებია მის მდგომარეობაში მყოფებს, აუხსნია, რომ სახლში ჩაკეტვა გამოსავალი არ არის. ამ დიალოგებმა შედეგიც გამოიღო - ზოგი ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის წევრი გახდა.

დღეს კლუბი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ ფეხბურთელები ცდილობენ გუნდი შეინარჩუნონ. ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად ხშირად საკუთარი სახსრების დახარჯვაც უხდებათ.

"მოთხოვნა ბევრი არაფერი გვაქვს. ცოტა უფრო მეტ ყურადღებას თუ გამოიჩენენ ჩვენს მიმართ, ნამდვილად ეს იქნება არა მარტო ამ 10 და 12 კაცისთვის ყურადღება, არამედ მთლიანად, სამწუხაროდ ძალიან ბევრნი არიან ჩვენნაირები, როგორც სამეგრელოში, ისე მთლიანად საქართველოში, და ეს იქნება ყველასთვის ძალიან დიდი მოტივაცია".

გაიზრდება თუ არა დაფინანსება

ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერ არ იციან, გაუზრდიან თუ არა ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს დაფინანსებას. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე იციან ის არის, რომ თანხის შემცირება არ იგეგმება. დანარჩენი კი, უშუალოდ მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გამოჩნდება.

ზუგდიდის მერია განმარტავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია გუნდი აქტიური და სიცოცხლისუნარიანი იყოს წინა წლების მსგავსად და ფინანსური მზარდაჭერაც ეფექტურად გამოიყენონ:

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო ამპუტანტ ფეხბურთელების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. თავდაპირველად მათი ბიუჯეტი 18 ათასს ლარს შეადგენდა და მას წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა ჰქონდა".

მერია ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელიც მხარს უჭერს ამპუტანტ ფეხბურთელებს. მათივე თქმით, შშმ პირებისთვის რამდენიმე ეფექტური, მოქნილი პროგრამა მოქმედებს და ამ ადამიანებზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"ოდიშმა" საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, თბილისის გუნდთან რამდენიმე დღის წინ გამართა. მატჩში, რომელიც განმუხურის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე შედგა, მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დამარცხდნენ. იმისთვის, რომ გუნდი გაახალგაზრდავდეს და ძველებურად წარმატებული იყოს, კლუბის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს აუცილებელ პირობად სწორედ დაფინანსების 50 ათას ლარამდე გაზრდა მიაჩნიათ. ამ გზით, ფიქრობენ, რომ წასული მოთამაშეების უკან დაბრუნებასაც შეძლებენ:

"თუ არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა, ძალიან ცუდად გვექნება საქმე. არ ვიცი ბოლომდე ამას გავუძლებთ თუ არა".

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.