ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს. ეს ცენტრი უკვე ხუთი წელია არსებობს და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ ბენეფიციარებსაც ემსახურება. ეხმარება მათ როგორც დროებით დაბინავებით, ისე ფსიქოლოგის, იურისტის კონსულტაციით და ახალი ცხოვრების დასაწყებად ამზადებს. დღეს, ფინანსური პრობლემების გამო, თავშესაფარი დახმარებას ითხოვს, მისი ხელმძღვანელები და მსხვერპლი ქალები კი, ამ ცენტრის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ, ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის შემთხვევების ფონზე.

"იქ ადამიანად არ მთვლიდნენ, აქ კარგად მექცევიან"

სოფოს ისტორიაც სხვა მსხვერპლი ქალების მონათხრობს ჰგავს, რომლებიც ოჯახში ძალადობაზე ყვებიან. მისი სახელი პირობითია. ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ცოტა ხნის წინ თავშესაფერში გამოექცა. დამოუკიდებელი ცხოვრების შიშით, გადაწყვეტილების მიღებას ათ წელზე მეტი დასჭირდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სითბო და თანაგრძნობა არავისგან უგრძვნია. გულშემატკივრად მხოლოდ მამამთილი ჰყავდა, რომელიც სოფოს გათხოვებიდან მალევე გარდაიცვალა. გარშემომყოფთა აგრესიისგან ქალი ვერც საკუთარმა ქმარმა დაიცვა. ვერც შვილებს აარიდა ტრავმა.

"ჩემი დამხმარე არავინ იყო და მიმქონდა დღე. არსად წასასვლელი არ მქონდა. ამიტომ შევწირე შვილებს თავი. მეუღლე არ მედგა გვერდით. ბავშვებს გავზრდი და მერე რაღაცას ვიზამ მეთქი.. იქ რომ დავრჩენილიყავი, ალბათ მოვკვდებოდი..

ქმრის ნათესავებს ჰქონდათ საშუალება. მე არ მქონდა. ამიტომ მაბულინგებდნენ. მეზობლებიც აბულინგებდნენ ჩემს ბავშვებს..", - იხსენებს სოფო.

როცა მიხვდა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. სახლი დატოვა და დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. მათ ასოციაცია "მერკურს" დააკავშირეს, რომლის ბაზაზეც, ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვებისთვის თავშესაფარი ფუნქციონირებს. აქ დღეს ის ერთადერთი ბენეფიციარია. არასრულწლოვანი შვილები კვირაში რამდენჯერმე სტუმრობენ. თავს დაცულად გრძნობს, მასზე ზრუნავენ და აღარ ეშინია. მაგრამ, ცენტრში ყოფნის ერთთვიანი ვადა დღე დღეზე იწურება. ახლა მსხვერპლი ქალის მთავარი შიშია, რა ელოდება ცენტრის დატოვების შემდეგ. წასასვლელი არსად აქვს. მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, ბინის ქირას კი მინიმუმ 300-400 ლარი სჭირდება.

"ფიზიკურად მინდა მუშაობის დაწყება, მაგრამ სამუშაოც ვერსად ვიპოვე. არაფერს არ ვითაკილებ. რაც შესაძლებელია, ყველაფერს მოვინდომებ ბავშვების გამო. იქ ადამიანად არ მთვლიდნენ, აქ კარგად მექცევიან. ნერვები დამშვიდებული მაქვს. სიხარულით ვიღვიძებ, სიხარულით ვიძინებ. კარგია, რომ ეს თავშესაფარი არსებობს ჩემნაირი ქალებისთვის", - ამბობს სოფო.

მუშაობა მოხალისეობრივად, დახურვის პირას მყოფ თავშესაფარში

თავშესაფარი დაარსების დღიდან უკვე 150-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურა. ოთახი, საკვები, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება, ეს ის სერვისებია, რასაც მათ სთავაზობენ. ადრე ბენეფიციარებს ჭრა-კერვას, ბუღალტერიას, მანიკიურ-პედიკიურს, სტილისტობასაც ასწავლიდნენ. ბევრმა თავშესაფრის დატოვების შემდეგ, ახლადშეძენილი პროფესიით მუშაობაც კი დაიწყო და საკუთარი შემოსავალი გაიჩინა. დღეს, დახურვის ზღვარზე მომუშავე სივრცეს ეს შესაძლებლობები აღარ აქვს.

ფინანსურ პრობლემებამდე თავშესაფარს ერთდროულად 10 ბენეფიციარის მიღება შეეძლო, თუმცა დღეს იგივეს ვერ ახერხებენ.

"თავიდან გარემო უცხოა მათთვის, მეც უცხო ვარ. როგორც კი შემოდიან, გრძნობენ ოჯახურ სითბოს, და მერე უჭირთ ამ სითბოს მოშორება. ყველა ბენეფიციარი, ვინც კი გვყოლია, ჩემი მეგობარია. სულ მწერენ ფეისბუკზე, მომიკითხავენ. გვაქვს უკუკავშირის ყუთი, სურვილების, რისი მოლოდინი ჰქონდათ, რა დახვდათ და რითი მიდიან. იქ არის ბევრი კარგი და ზოგჯერ იმედგაცრუებაც, იმიტომ, რომ უფრო დიდი ხნით სურდათ დარჩენა", - გვითხრა თავშესაფრის ადმინისტრატორმა ირმა დარასელიამ.

თუ შემაკავებელი ორდერის პირობებში, ოჯახიდან განრიდებულს ცენტრში დარჩენა 3 თვით შეეძლო, დღეს ცენტრს, მსხვერპლის მხოლოდ ერთი თვით შეფარების საშუალება აქვს.

თავშესაფრის ადმინისტრატორის თქმით, ქალები ერთმანეთს უყვებიან საკუთარ ისტორიებს და ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის - ძალადობის მასშტაბები გაცილებით დიდია.

"შენ ჩემზე მეტი პრობლემა გქონიაო, ამბობენ. თავიდან, მძიმე ისტორიების მოსმენის შემდეგ, ფსიქოლოგიური დახმარება მეც მჭირდებოდა", - იხსენებს ირმა.

კამპანია თავშესაფრის გადასარჩენად

ასოციაცია "მერკურის" ხელმძღვანელი ნანა თოდუა ამბობს, რომ რეგიონში ერთადერთი თავშესაფარი კრიტიკულ ვითარებაში მყოფი ქალისთვის ხიდია ნორმალურ ყოფაში ხელახლა დასაბრუნებლად, შესაძლებლობა წარსულის გასააზრებლად, ტრანფორმაციისთვის. მით უფრო, ქვეყანაში გახშირებული ძალადობის შემთხვევების, ფემიციდის ფონზე.

ცენტრს 5 წლის მანძილზე 4 დონორი ჰყავდა. დღეს მხოლოდ შემოწირულობებით არსებობენ, რომელსაც ძირითადად უცხოური კომპანიების და პარტნიორებისგან იღებენ. ზუგდიდის მერია კი წელიწადში 5 ათასი ლარით ეხმარება.

გამოთვალეს და საშუალოდ, ერთ ბენეფიციარს დღეში 50-დან 65 ლარამდე სჭირდება. ეს თანხა მოიცავს არამხოლოდ კვებას, განთავსებას, კომუნალურ ხარჯებს, მედიკამენტებს, ჰიგიენის საშუალებებს, არამედ ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის დახმარებას. ამას გარდა, დღისით და ღამით, მსხვერპლ ქალებს გვერდით მუდმივად თითო ადამიანი სჭირდებათ. ნანას თქმით, პრობლემების მიუხედავად, თანამშრომლები მოტივირებულები არიან, რომ დახმარება არ შეუწყვიტონ მსხვერპლ ქალებს.

მათ ენთუზიაზმს "მერკურის" სამი უცხოელი მოხალისეც იზიარებს, რომელთა ძალისხმევით, თავშესაფრის შესანარჩუნებლად კამპანია დაიწყო. განცხადება დახმარების შესახებ, ორგანიზაციის ფეისბუკ გვერდზე განთავსდა ბმულთან ერთად. ამ ბმულის მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს, ცენტრის გადასარჩენად ფულის გადარიცხვა სხვადასხვა ვალუტაში შეუძლია. მინიმალური მისათითებელი თანხა 10 ლარამდეა. ჯერჯერობით ისევ უცხოელები აქტიურობენ. ნანა თოდუას თქმით, საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობა არ არის მაღალ ნიშნულზე, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს მიდგომა შეიცვლება:

"ყველა დონორი გვეუბნება, რომ მთავარია ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა პროცესში, რომ მათი მხრიდან იყოს მხარდაჭერა და როცა საბაზისო მხარდაჭერა იქნება, ჩვენც ჩავერთვებით. ამიტომ, დღეს ადვოკატირების კამპანიას ვეწევით. სამეგრელოს ცხრავე მუნიციპალიტეტში ვმართავთ შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ მათი მხრიდან იყოს ფინანსური მხარდაჭერა, თავშესაფარში აღმოჩენილი, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, მათი საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად".

მემორანდუმი 6 მუნიციპალიტეტთან უკვე გაფორმდა. ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ სულ მალე თანამშრომლობაზე შეთანხმებას დარჩენილ სამთანაც შეძლებენ.

"მერკური" წლებია ქალთა გაძლიერებისთვის სხვადასხვა ფორმით მუშაობს. ივლისში, კრიზისულ სიტუაციაში ქალთა ავტონომიის გაძლიერების ხელშეწყობისთვის, მათ საფრანგეთის საელჩოს სპეციალური პრიზიც მიიღეს.

ნანა თოდუა ამბობს, რომ თავშესაფარში მიმართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება. დღეს უფრო მეტი ქალი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია და დახმარება სჭირდება. ამიტომ, რადგან ეს სივრცე ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ უნდა დაიხუროს.

თავშესაფარში ყოფნის ერთმა თვემ, დღეს ცენტრის ერთადერთ ბენეფიციარს მისცა საშუალება, მშვიდად გაეაზრებინა ყველაფერი, რაც მის თავს მოხდა. სოფო ფიქრობს, რომ ოჯახი და ძალადობრივი გარემო, სადაც ბედნიერი არასდროს ყოფილა, ბევრად ადრე უნდა დაეტოვებინა. ახლა მის მდგომარეობაში მყოფ სხვა ქალებს მოუწოდებს, აღარ მოითმინონ და იბრძოლონ:

"რომ მქონდეს საშუალება და სამუშაო, ისევ ერთი აგურიდან დავიწყებდი. ვნატრობ, ერთი პატარა, ბოსტანისოდენა მიწა მომცეს, რომ ჩემს ბავშვებს დავუდგა სახლი და ამოვისუნთქო".

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.