ვიდეო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ფულად კომპენსაციაზე უარი თქვა და სკოლაში დასარჩენად გამოცდები ჩააბარა. უხუცესმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც მიიღო და ბევრისთვის იმის მაგალითად იქცა, რომ ასაკი დაბრკოლება არ არის და ახლის სწავლა ყოველთვის შეიძლება.

კეკე მასწავლებელი ენერგიას დღემდე არ უჩივის. გაკვეთილზე იმ განწყობით შედის, რომ ბავშვებს საგანთან ერთად მეგობრობა, მხარდაჭერის მნიშვნელობა, ერთმანეთის გატანა ასწავლოს - "ადამიანი მეტი რა არის, მთავარია ასეთი გრძნობით გაიზარდონ".

მოსწავლეების წახალისებაზე ფიქრი სახლშიც გრძელდება. ყველას თავისი გასაღები აქვსო, იმეორებს. ვის როგორ მიუდგეს, როგორ გაზარდოს მათში მოტივაცია - სულ ეს კითხვები აწვალებს. სწავლების პროცესში სადამსჯელო ღონისძიებების ეფექტურობის არ სჯერა. მისი თქმით, შეცდომების გამოსწორების გზა სწორ კომუნიკაციაზე გადის. დასჯას კი, როგორც "სწავლების მეთოდს", მხოლოდ უკურეაქცია და ზიანი მოაქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი ზრუნვა, სიყვარული და მოთმინებაა:

"რაც დრო გადის, უფრო მოტივირებული მოვდივარ. სკოლის ეზოში რომ შემოვდივარ, ყველა პრობლემა მავიწყდება...

ბავშვი აშავებს, ცელქობს. მერე რა. ბავშვი უნდა იყოს ცელქი. ოღონდ არა უზრდელი. ზოგჯერ ისეთ სიცელქეს მოიფიქრებენ, გულში გამიხარდება. ოღონდ მაინც უნდა აუხსნა, რა მოჰყვება ამას. მამაჩემი იტყოდა, თუ ბავშვის სიცელქეზე გული მოგივიდა, გაკვეთილზე არ შეხვიდეო".

მოსწავლეებისგან თავადაც ბევრ რამეს სწავლობს - ისინი კარნახობენ, როგორ მოექცე, მთავარია მათი მოსმენა და დაკვირვება შეძლო. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ თანამშრომლობა და სარგებელიც ორმხრივია:

"ჩემი ყოფილი მოსწავლეები რომ შემხვდებიან და სიყვარულით მომიკითხავენ, ესაა ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის. ზოგჯერ შეიძლება ათეული წლები ვერ ვნახო და ვერ ვიცნო, მაგრამ როგორც კი მის სახელს და გვარს გავიგებ, მაშინვე თვალწინ წარმომიდგება როგორ იჯდა მერხზე და როგორ იქცეოდა. ყველა მახსოვს. სამი თაობაც ბევრია ჩემთან. ბაბუა ჩემი მოსწავლე იყო, შვილი და შვილიშვილი".

საკუთარი გამოცდილებიდან ერთ მაგალითს გვიზიარებს - სკოლაში მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა "აუღებელი კლასის" დამრიგებლად დანიშნეს. ამ კლასში სხვა სკოლებიდან გარიცხული ბავშვებიც სწავლობდნენ. იმისთვის, რომ გაკვეთილების ნორმალურად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონოდა, მათ "ლიდერს" კლასის ორგანიზატორობა შესთავაზა:

"ვუთხარი, რომ მომეწონე, ჭკვიანი და გამჭრიახი ბიჭი ხარ. მოდი, კლასის ორგანიზატორად აგირჩიონ. მეო? შვიდი ორიანი მყავსო. მერა რა, გამოვასწოროთ-მეთქი. კლასის კრება მოვიწვიე და ტაქტიკურად ისე წავიყვანე, რომ ავარჩევინე. ის დღე იყო, ვინმე თუ წესრიგის დარღვევას დააპირებდა, თვალებს დაუბრიალებდა. გაკვეთილების მერე ვამეცადინებდი. სხვა მასწავლებლებსსაც ვთხოვე. დიდი მონდომება გამოჩინა ამ წახალისების მერე. ოთხიანიც გამოერია. სტიმული საჭიროა. არ არსებობს ადამიანი, გულის კუნჭულში რაიმე სხივი არ ჰქონდეს, მაგრამ რთულია ზოგჯერ ამ გასაღების პოვნა".

სკოლას და ბავშვებს ჯერ ვერ ელევა. გამოცდების ჩაბარებაც ამიტომ გადაწყვიტა. განათლების სამინისტროს ახალი მოთხოვნების, კრიტერიუმებისთვის ფეხის აწყობა მისთვის რთული არ აღმოჩნდა. ამაში ტრენინგებიც დაეხმარა. გადამზადების შედეგად სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მიდგომებს, მსოფლმხედველობას გაეცნო და მუშაობაც ახალი გამოცდილებით განაგრძო.

მერი გულუა პედაგოგების ოჯახიდანაა. მშობლები მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან სკოლაში მუშაობდნენ. მშობლების გავლენით მისმა და-ძმამ და დისშვილმაც ეს პროფესია აირჩიეს.

სკოლა, რომელშიც უკვე 60 წელია ასწავლის, მალე 100 წლის იუბილეს იზეიმებს. ადრე ამ ადგილას დადიანების სამსართულიანი სასახლე იდგა, უთხოვარის ჯიშის ხის ულპობი მასალისგან აშენებული. სასახლე და გარშემო ტერიტორიაც, მისმა უკანასკნელმა მეპატრონე ილია დადიანმა სოფელს სკოლისთვის გადასცა. პირველი დირექტორიც ის იყო.

აქ ზუგდიდის მაზრიდან, მარტვილიდან, სენაკის ახლომდებარე სოფლებიდან, წალენჯიხიდან მოდიოდნენ განათლების მისაღებად. მერი გულუას ახსოვს შეშით გამთბარი ბუხრიანი საკლასო ოთახები, მოჩუქურთმებული კარ-ფანჯარა, შენობის ირგვლივ ხეხილის ბაღი, კაკლის ასწლოვანი ხეები. დღეს ეზოს მხოლოდ ორი, საუკუნოვანი მაგნოლია შემორჩა.

90-იან წლებში ყველაფერი განადგურდა. სკოლის შესახებ მასალები მერი გულუას მამის, არსენ გულუას არქივშია დაცული, რომელიც ამავე სკოლის მუზეუმს საჩუქრად გადაეცა.

80 წლის პედაგოგს სკოლიდან წასვლაზე ფიქრი უჭირს. კითხვაზე როდის, პასუხი არ აქვს.

"ახალგაზრდებს უნდა დაუთმოო, მაგრამ ძალიან მენანება. ჩემი სულის და გულის ნაწილად მიმაჩნია ესენი. არდადეგების დროს მენატრებიან ბავშვები, ამათი სიცელქეც მენატრება", - ამბობს მასწავლებელი და ყოველ დღე, სახლის წინ, სკოლის მიკროავტობუსის მოლოდინში დგება - ისევ გაკვეთილზე ეჩქარება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.