ვიდეო
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების გენერირებას მოახდენენ, ერთმანეთს მოუსმენენ და რაიმე ისეთ ღირებულს შექმნიან, განვითარებაში რომ დაეხმარებათ. თუმცა, შეზღუდული არჩევანის პირობებშიც კი, ზოგიერთი ახერხებს იპოვოს საინტერესო საქმე და საკუთარი შემოქმედებით თანატოლებისთვის მაგალითად იქცეს.

ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როცა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში -Hardware startup ინკუბატორი, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილები დაიკავეს. ჟიურისთვის საინტერესო აღმოჩნდა მათ მიერ შექმნილი პროტოტიპები, რომლის დახვეწაც მომავალში, მიღებული ფულადი გრანტის დახმარებით იგეგმება.

ორივე სტარტაფ იდეა, ქვეყნის მასშტაბით 45 გუნდის ნახელავს შორის შეირჩა.

რობოტი თამადა გულბათი, სამენოვანი სადღეგრძელოებით

გულბაათი - ასე ჰქვია რობოტ თამადას, რომელიც ოთხმა მოზარდმა ზუგდიდის ტექნო პარკში, კონკურსისთვის ააწყო. რობოტი აპლიკაციის მეშვეობით იმართება და 24-ამდე სადღეგრძელოს მეგრულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ამბობს. საუბრის პარარელურად, ამოძრავებს თავს, ხელებს და პირს. გულბათმა და მისმა შემქმნელებმა მეორე ადგილი დაიკავეს კონკურსზე და გრანტის სახით 6 000 ლარიც მიიღეს.

16 წლის სესილი ბერიშვილი ამბობს, რომ საქართველოში თამადის საუკუნოვანი კულტურა აქვთ, გულბაათი კი სამეგრელოში ცნობილი თამადა ყოფილა. ასე, საკონკურსოდ დაიბადა რობოტი ქართული ელემენტებით, ჩაცმულობით, ყანწით ხელში და ულვაშებით, როგორც ამ კულტურის გამომხატველი პერსონაჟი:

"თავიდან არანაირი იდეა არ გვქონდა. გავდიოდით ტრენინგებს და მის ფარგლებში ვეცნობოდით სხვადასხვაგვარ რობოტს. იმ დროს იმართებოდა ათასწლოვანის ინოვაციური პროექტი. ჩემს მეგობრებს წარდგენილი ჰქონდათ რობოტი გიდი და მივხვდით, რომ ეს გიდი იყო კულტურული ღირებულების მქონე. ჩვენც გადავწყვიტეთ, რაიმე კულტურული ღირებულების მქონე გაგვეკეთებინა. ასე წამოვიდა თამადის შექმნის იდეა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მენტორი, უტა კილასონია".

სესილი ტექნოპარკში თითქმის ორ წელია დადის. აქ ყოფნა მოსწონს. მისი თქმით, ეს სივრცე დაეხმარა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ გოგოს და ბიჭის საქმე არ არსებობს, და რასაც კი ჩაიფიქრებს, ყველაფერი გამოუვა:

"როცა ვამბობდი, რომ ეს და ეს მაინტერესებს, ყოველთვის არ მოდიოდა დადებითი ემოციები. ეგონათ, რომ მაინც გოგოა და რაღაცას ვერ იზამს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ. მთავაარია შენი შესაძლებლობები. იმიტომ მომწონს ეს ადგილი, რომ აქ რეალუად დამანახეს ის, რასაც ამბობდნენ, რომ შენ უბრალოდ არ შეგიძლია, თურმე შესაძლებელია".

ახალგაზრდების გუნდი რობოტ თამადაში უფრო მეტი სადღეგრძელოს ჩაშენებას გეგმავს, მოძრაობებიც მეტად დაიხვეწება. სამომავლოდ კი, განახლებულ ვერსიას ონლაინ გაყიდიან. ფიქრობენ, რომ მსურველი ბევრი იქნება. მათ შორის უცხოელი ტურისტებიც. პარარელურად, მოზარდები შემეცნებითი, სახალისო, ინოვაციური, კულტურული თემატიკის მქონე სხვა რობოტების წარმოებასაც ფიქრობენ მიღებული ფულადი გრანტის დახმარებით.

სესილის თანაგუნდელი გიგი გამსახურდია გვიხსნის, რომ რობოტი "თამადის" უნარების გასაუმჯობესებლად, შესაძლოა ჩინურ კომპანიებთან ითანამშრომლონ. "გულბაათმა" მომავალში სუფრის წევრების და იუბილარის სახელის დამახსოვრება უნდა შეძლოს.

"ეს დაგვეხმარება ინვესტიციების, გრანტების მოზიდვაში, რომ ჩავუშვათ ბაზარზე თამადა და სხვა რობოტები. ბევრი გამოცდილი ადამიანის აზრი მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი გაყიდვადი პროდუქტი იქნება", - ამბობს გიგი.

კედლის დეკორატიული სათბური

ზუგდიდელი ახალგაზრდების მეორე ჯგუფმა Gრეენ ჭალლ, კონკურსზე კედლის დეკორატიული სათბურის პროტოტიპი წარადგინა და მესამე საპრიზო ადგილი, 4 000 ლარის გრანტთან ერთად მიიღო. მარტივი მოწყობილობის მიზანი სხვადასხვა, მათ შორის შერეული კულტურის მოყვანაა ერთდროულად. სათბური მონტაჟს არ საჭიროებს. კონსტრუქციის დადგმა სახლის ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი ინტერიერის დაზიანების გარეშე.

დავით სარსანია ამბობს, რომ მათი გამოგონება ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მინიმალური დანახარჯებით მეწარმეები გახდნენ და მოწეული ხილი ან ბოსტნეული ბაზარზე გასაყიდად გაიტანონ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. დღეს ახალგაზრდა გამომგონებელთა მიზანია, კედლის სათბური უფრო მოქნილი გახდეს.

"ქოთნის დიზაინი ისეთი შევარჩიეთ, რომ არ გაიჩეროს წყალი და არ გამოიწვიოს სოკოვანი დაავადებები. ლედ ან სოდიუმის სანათები დამონტაჟდება სექციაზე, რაც მცენარეს ფოტოსინთეზის პროცესში დაეხმარება. კონტეინერის ზომა საკმარისია იმისთვის, რომ ხარისხიანი ფესვთა სისტემა წარმოიშვას. ეს აუზი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც წყალარინების სიტემად, ისე ტერარიუმად და აკვარიუმად. გვინდა ბუნება მაქსიმალურად შემოვიყვანოთ ინტერიერში", - გვიხსნის დავითი.

მისი თქმით, მომავალში სათბური დაიხვეწება და პლასტმასის კონსტრუქციაც მაქსიმუმ 3 მეტრის სიმაღლეზე გაიშლება. სიმაღლის მართვას კი მომხმარებელი თავად შეძლებს.

ახალგაზრდების სურვილია, კედლის ინოვაციური ბაღი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს და მისი ღირებულება 600-დან 1000 ლარის ფარგლებს არ გაცდეს. ამისთვის, მიღებული გრანტით დანადგარებს შეიძენენ პლასტმასის საწარმოებლად და ხარჯების შესამცირებლად.

კონკურსის პრიზიორმა გუნდმა სათბური მარწყვის მოსაყვანად უკვე დატესტა. 40-მა კონტეინერმა მათ 24 კილგრამი მარწყვი მისცა. 20 კილო გაყიდეს და 120 ლარის შემოსავალიც მიიღეს.

"ჩვენი მოტივაციაა, საგანმანათლებო დაწესებულებებში შევიტანოთ და ბავშვებს მივცეთ საშუალება, თავიანთი წვლილი შეიტანონ კულტურების მოყვანაში და განავითარონ უნარები აგრო მიმართულებით", - ამბობს დავით სარსანია.

მისი თანაგუნდელი ალექსი ესებუა, კონსტრუქციის უპირატესობაზე საუბრობს. კედლის სათბურის აწყობა ყველას ინდივიდუალურად შეეძლება. მაქსიმუმ 40 ქოთანში კი, ერთი ან რამდენიმე სახის კულტურას მოიყვანს მომხმარებელი.

მცენარეთა მორწყვა ჭკვიანი - წვეთოვანი სისტემით ხდება. იმისთვის, რომ ფოთლებმა ტენიანობა შეინარჩუნონ, წყლის ორთქლით მორწყვის სისტემა იმუშავებს. დატენიანების მაჩვენებელს სპეციალური მოწყობილობა გააკონტროლებს და საჭირო ოდენობის ტენის გამომუშავების შემდეგ, ავტომატურად გამოირთვება.

კედლის სათბურის გასაყიდად გატანას, ახალგაზრდა ინოვატორები ქართულთან ერთად უცხოურ ბაზრებზეც გეგმავენ.

ზუგდიდელი გამომგონებლების აზრით, მათი მიღწევები თანატოლებისთვის სტიმულია, აკეთონ რაღაც სასარგებლო და ხშირ შემთხვევაში მომაბეზრებელი ერთფეროვნება, საკუთარი მონდომებით შეცვალონ.

პროექტმა საქართველოს 8 ქალაქი მოიცვა. ახალგაზრდები პროგრამირების და ელექტრონიკის მიმართულებით გადამზადდნენ. ისწავლეს როგორ შექმნან კონკრეტული პროდუქტის პროტოტიპი და მიანიჭონ მათ ფუნქცია. ორგანიზაცია "ქლივერტონის" ტრენერების დახმარებით კი, ბიზნესის ტრენინგ-კურსებიც გაიარეს.

რაც მთავარია ისწავლეს, როგორ გაიტანონ ბაზარზე საკუთარი იდეა, სამომავლოდ კი ამ ყველაფრისგან შემოსავალი მიიღონ.

პირველი წარმატების შემდეგ, ზუგდიდელი ახალგაზრდების მთავარი საზრუნავი ახალ გამოწვევებზე მუშაობაა.