ვიდეო
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან. მართალია ახალგაზრდა ეკოაქტივისტების საქმიანობა ჯერჯერობით არ სცდება მუნიციპალიტეტს, თუმცა გზავნილები და სურვილები გლობალურია.

აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის ერთ პატარა ოთახში, მონაცვლეობით 16 კლუბი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ბავშვები აქ ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებას, მოხალისეობის უნარ-ჩვევებს სწავლობენ. მეტიც, მათ საკუთარი სივრცე არ აქვთ და მთელი ეს პროცესი კერძო, ყოფილი ბაღის შენობაში მიმდინარეობს.

სიძნელეების და გამოწვევების მიუხედავად, მოსწავლეებს სირთულეები არ აშინებთ. როგორც თავად ამბობენ, გაათმაგებული მოტივაციით იკრიბებიან, ცვლიან იდეებს, გეგმავენ აქტივობებს და სჯერათ, რომ საერთო საქმეში თითო აგურის დადებით მათი პლანეტა გადარჩება.


ეკოაქტივიზმი ცვლილებებისთვის

ეკოკლუბი ერთ-ერთია სკოლის კლუბებს შორის, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით და წარმატებით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ მათ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსშიც გაიმარჯვეს და ჯილდოდ 5 ათასი ლარი მიიღეს. ქვეყნის მასშტაბით 32 ეკოკლუბს შორის, ჩხოროწყუს სკოლა ჟიურიმ წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობების განხორციელებისთვის გამოარჩია - ეს იყო გამწვანების, დასუფთავების აქციები, მაკულატურის შეგროვება, კინოჩვენებები, ვიქტორინები, საზოგადოებრივი ბოსტნის მოწყობა თუ სხვა.

16 წლის ეკოკლუბელი ელენე საჯაია ფიქრობს, რომ უამრავი ეკოლოგიური პრობლემის და გამოწვევის ფონზე, გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა მხოლოდ თავისუფალი ნება ვერ იქნება, "ეს პირველ რიგში ვალდებულებაა ერთმანეთის წინაშე". ამიტომ, ცდილობენ ის ინფორმაცია, რაც აქვთ, ცნობიერების ამაღლების მიზნით რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მიიტანონ. სჯერა, ასე, ერთიანობითაა შესაძლებელი მძიმე რეალობის შეცვლა - დედამიწის ეკოსისტემის და კლიმატის გაჯანსაღება.

"ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში შარშანაც მივიღეთ მონაწილეობა. მოვხვდით ათეულში. წელს გავიმარჯვეთ. ეს გარემოსდაცვითი პროექტია, მაგრამ მდგრადი განვითარების 17 მიზანს მოიცავს, როგორიცაა შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლების, ჯანმრთელობის უფლება. ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ.

ეს პრემია თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება გავხდეთ მეტად კომუნიკაბელურები, აქტიურები, მოხალისეობის მნიშვნელობა გავიგოთ. ამ პრემიამ გვასწავლა, რომ მარტო გარემოზე კი არ იზრუნო, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო, რაც შეგხვდება", - ამბობს ელენე.

იმისთვის, რომ პოლიეთილენის პარკების ზიანისგან მუნიციპალიტეტი დაიცვან, მოხალისეები წელიწად-ნახევარია ნარჩენი ნაჭრებისგან ეკოჩანთებს კერავენ.

"ჩხოროთარგში" საახალწლო სამზადისი დაგვხვდა. აქ კიდევ 40-მდე ჩანთა უნდა შეიკეროს სადღესასწაულო ბაზრობისთვის, გაყიდვით მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე თვის წინ, როცა საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული ჩხოროწყუელმა აქტივისტებმა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გადარიცხეს.

ბავშვებმა ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში 1 500 კილოგრამზე მეტი მაკულატურაც შეაგროვეს. ეს თანხა სვანეთში, ხანძრით დაზიანებული ლატალის ტყის აღდგენას მოხმარდა.

მალე "მწვანე რადიოსთვის" ეკოლოგიურ პრობლემებზე ვიდეოსიუჟეტების მომზადებას და ფეისბუკ გვერდზე ატვირთვასაც შეძლებენ. ამისთვის კი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "სენის" პროექტის ფარგლებში საჭირო აპარატურას მიიღებენ. მანამდე ამ პლატფორმას აუდიომასალების განსათავსებლად იყენებდნენ.

კიდევ რას ვაკეთებთ..


ჩხოროწყუელმა მოხალისეებმა სკოლის ეზოში საზოგადოებრივი ბოსტანი მოაწყვეს. აქ სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული დარგეს და მოსავალიც აიღეს. ცოტა ხნის წინ აფხაზეთის განათლების სამინისტროს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ხეხილის კიდევ 20 ნერგი იყიდეს. ამის გარდა, ვაშლის, მსხლის და ატმის ნაყოფისგან კლუბი "ჩხოროჩირი" ჩირებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და დღის ცენტრის ბავშვების დასახმარებლად დაამზადებს.

ბოსტანს დამოუკიდებლად უვლიან. აგროკლუბის ფარგლებში, თავის დროზე სხვადასხვა მეურნეობას სტუმრობდნენ, სადაც მცენარეების გასხვლა, დაკალმება-გამრავლება ასწავლეს.

ეს ყველაფერი არ არის..

მოზარდებმა სამთვიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ეკოპრობლემაზე ფოტოები გადაიღეს და ადვოკატირების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს.

დროდადრო კი, სასურსათო მაღაზიებსაც სტუმრობენ. აქტივობას "მწვანე კოდალა" ჰქვია, რომლის მიზანი პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმებაა.

სკოლამ ნიკო კეცხოველის სტიპენდიაც დააწესა, რომელიც ორ გამარჯვებულს, 100-100 ლარის ოდენობით გადასცეს.

ამას გარდა, სამოქალაქო კლუბი ჩართულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინანსური მხარდაჭერის კაპანიაში. უკვე მესამე წელია 1000 ლარით მათ მიერვე შერჩეულ მასწავლებელს აჯილდოვებენ.

არაფორმალური განათლების პრიორიტეტი

აფხაზეთის სკოლაში სულ 302 მოსწავლეა. აქ ფორმალურის პარარელურად, პედაგოგებისთვის არანაკლებ პრიორიტეტი არაფორმალური განათლებაა. კინოკლუბი, აგროკლუბი, ეკოკლუბი, სამოქალაქო კლუბი, მკითხველთა კლუბი, ინტელექტკლუბი, ტექნოლოგიური მიმართულება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რაზეც ბავშვები პედაგოგებთან ერთად მუშაობენ.

პირველი - ინტელექტკლუბი, მელორ ცქვიტაიამ ჯერ კიდევ 1996 წელს ჩამოაყალიბა. ის დღეს სამოქალაქო განათლების საგანს უძღვება, თუმცა მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მის მიერ შექმნილი კლუბი არაფორმალური განათლების კომპონენტი იყო. მერე გაჩნდა სხვა კლუბებიც. აქტივობებისთვის საჭირო ინვენტარი, ყველაფერი, რაც კი აქვთ, "სტრატეგიული კვლევების ცენტრის" დაფინანსებით შეიძინეს. მათ შორის საკერავი მანქანები და ჩირის საშრობი აპარატი. პატარა სამუშაო სივრცის და პრობლემების მიუხედავად, ახერხებენ თეორიულ ცოდნასთან ერთად, ბავშვებმა პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

"ჩემთვის უპირატესია ბავშვი ცხოვრებისთვის მოვამზადო. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, მაგრამ გარკვეულ შედეგზე გავდივართ და ეს მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ თავისუფალი სივრცე არის ყოველვის უკეთესი, შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე 45 წუთი, სადაც 30-მდე ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა ცოდნა სრულყოფილად მიიღოს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ღამის 11-12 საათზეც გავსულვართ აქედან.. არაფორმალური განათლება მნიშვნელოვნად შემოვიდა სკოლებში და პრიორიტეტი გახდა ბევრი სკოლის და მასწავლებლისთვის", - გვითხრა მელორ ცქვიატაიამ.

რადგან წარმატებები მეტწილად იმ სკოლებს აქვთ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ კლასგარეშე განათლებას ეთმობა, მელორ ცქვიტავა ფიქრობს, იქნებ ღირდეს განათლების სამინისტრო ცალკეული მიდგომების ცვლილებაზე დაფიქრდეს.

მანამდე კი, ჩხოროწყუელი მოსწავლეები ისევ კერძო, ავარიულ შენობაში რჩებიან და იმედი აქვთ რომ აფხაზეთის განათლების სამინისტრო დანაპირებს შეასრულებს და ორ წელიწადში სკოლას საკუთარი შენობა ექნება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს
მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
15:01 / 23.11.2022
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.