ვიდეო
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან, მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოებს შეფარებულები ცდილობენ როგორმე გადაურჩენ შიმშილს. ძაღლების უკონტროლოდ გამრავლებასთან გასამკლავებლად ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტური პოლიტიკა არ აქვს. მეტიც, ქალაქში დღემდე ვერ აშენდა წლების წინ დაპირებული უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი.

საბურავების მეორე სიცოცხლე

ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა და ყინვაში, მიუსაფარი ძაღლები ბეტონზე წვანან. ზოგი ხის ძირში, ბუჩქებში პოულობს ადგილს ძილისთვის. იშვიათად სხვადასხვა დაწესებულების ფოიეში თუ შეუშვებენ გასათბობად. სანამ ხელისუფლება მიუსაფარი ცხოველების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ცხოველები მოქალაქეთა გულისხმიერების იმედად რჩებიან.

იმისთვის, რომ ზამთრის პირობებში ქუჩაში ყოფნა შეუმსუბუქონ, ორმა მოხალისემ მათთვის სახლების დამზადება დაიწყო. რადგან ხის მასალა ძვირია, თან წვიმის პირობებში მარტივად ფუჭდება, როსტომ ზარანდიამ და ავთანდილ ახალაძემ იაფი გზა მოიფიქრეს - უვარგისი საბურავებისთვის მეორე სიცოცხლე ეჩუქებინათ. ასე დაიბადა "პატრიკი", სპანჯბობის საუკეთესო მეგობარი, "ტოტორო", "ჭიამაია","ჟელე ბიჭი" სასტუმრო ტრანსილვანიიდან და "სპანჯბობი" - სახლები ანიმაციების და მულტფილმების გმირების გამოსახულებით.

როსტომი საბურავებს ქალაქის ვულკანიზაციებში აგროვებს. ღამღამობით, სანამ დასუფთავების სამსახური წაიღებს, მანქანას 4-5-ჯერ ტვირთავს და სახლში მოაქვს. მერე ავთანდილთან ერთად ზომების და ჩაფიქრებული პერსონაჟების მიხედვით ახარისხებს, ჭრიან, ღებავენ. ერთ სახლს საშუალოდ 4-5 საბურავი სჭირდება. ეს ფერები და საბავშვო პერსონაჟები იმიტომ არჩიეს უფორმო თავშესაფრებს, რომ ადამიანებში მეტი პოზიტიური ემოცია და თანაგრძნობა გამოიწვიონ.

"სახლები ახალ ამბავს უნდა ყვებოდნენ, როგორ იზრუნო შენს მსგავსზე, ან სხვა სახეობაზე. თორემ, რაოდენობის მხრივ შეგვეძლო უფრო პროდუქტიულები ვყოფილიყავით. რამდენს გავაკეთებთ, ჯერ არ ვიცი. სანამ ნერვები გვაქვს და ნებისყოფა და მასალა გვეყოფა", - გვითხრა როსტომ ზარანდიამ.

ავთანდილ ახალაძე ყვება, რომ ქუჩის ძაღლების დაბინავების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მიუსაფარი ცხოველი იშვილა და მისთვის სახლი პირველად გააკეთა. მერე იფიქრა, რატომ არ შეიძლებოდა სახლები მათაც ჰქონოდათ, ვისზეც არავინ ზრუნავს. მით უფრო, რომ წინ ზამთარი და ცივი დღეებია:

"ყველაზე იაფი რაც გაგვახსენდა, ეს ბორბალი იყო. ბორბალს თავისი ფორმა აქვს, წყალი არ შედის, არ ფუჭდება...

ეს რომ დავპოსტეთ, იმ მომენტში არ გვქონდა საღებავების ფული. გვჭირდებოდა დონაციის სახით, რომ გვეყიდა მასალები. ვისაც გულთან ახლოს მიაქვს პრობლემა, დადებითი გამოხმაურება იყო, მიდით ბიჭებო გააკეთეთო. ეს ჩვენთვისაც დიდი მოტივაციაა. მთავარი მარტო ის ხომ არ არის, თანხა ჩარიცხონ".

ერთი სახლის დამზადებას საშუალოდ 40 ლარი სჭირდება.

როცა გარკვეული რაოდენობა დაგროვდება, სახლებს აქივისტები ქალაქის სხვადასხვა წერტილში დადგამენ. ავთანდილს იმედი აქვს, რომ ამ გზით ჯგუფურად შეკრებილ ძაღლებს გაფანტავენ და აღარც ადამიანებისთვის იქნებიან საშიში.

"ვფიქრობ, ეს ერთ ადამიანს და სამსახურს არ ევალება, ყველა ადამიანის მოვალეობაა. ჩვენი ბრალია, რომ ცხოველები ბეტონის ტყეში ცხოვრობენ. ჩვენ მოვუწყვეთ ეს გარემო. თავს რომ დამნაშავედ ვგრძნობ, ამით მინდა გამოვასწორო", - ამბობს მოხალისე და დასძენს, რომ ვისაც კი სურვილი ექნება, შეუძლიათ სახლების დამზადების პროცესში შემოუერთდნენ.

თავშესაფარი სახლში

სანამ როსტომი და ავთანდილი მიუსაფარი ძაღლების დაბინავებაზე ზრუნავენ, გრიგოლ ჯიქია და მისი უკრაინელი მეუღლე, ტომა დიმენტოვა, სახლში 21 ცხოველს უვლიან. ათი ძაღლია, დანარჩენი 11 კი კატა. ყველა ქუჩიდან აიყვანეს, მძიმე ისტორიებით. ჯეკი წყალში იპოვეს, მუყაოს დახურულ ყუთში. მეორეს ავტომანქანა დაეჯახა და შეიფარეს, მესამე კიბოსგან მოარჩინეს. კიდევ ერთი, სიცივისგან გათოშილი იშვილეს..

ახლა ლინდა, ჯეიმსი, მარსელინი და სხვები, პატარა ეზოში მხიარულად ცხოვრობენ. პატრონები მათ საკუთარი სახსრებით კვებავენ. გრიგოლი მანქანების პროფილაქტიკაში მუშაობს და ცხოველებს იქაც უვლის. ხელფასის მეტი წილიც მათ საჭიროებებს ხმარდება.

სახლის და სამსახურის გარდა, ცოლ-ქმარი რუსთაველის ქუჩის მიუსაფარ ძაღლებზეც ზრუნავს, მეზობლების უკმაყოფილების მიუხედავად. აქ ზოგს არ მოსწონს საკვების მომლოდინე ცხოველების დანახვა.

"რაში გჭირდება, რად გინდაო. არ მოსწონთ, რომ ვაჭმევთ. ხუთი წელია ამას ვაკეთებ ზუგდიდში. ჩემი მეუღლეც ჩართულია ამ ყველაფერში. როგორღაც ვახერხებთ. შემოსავალი რაც მაქვს, ვყოფ. ყოველ დღე სვამენ ლეკვებს ქუჩაში...", - ამბობს გრიგოლი.

ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირება

წლებთან ერთად პრობლემა მწვავდება და სულ უფრო უკონტროლო, უმართავი ხდება. ამ ფონზე კი, მიუსაფარი ცხოველები სამოქალაქო აქტივიზმის იმედად რჩებიან. სოციალურ ქსელებში, თემატურ ჯგუფებში ნახავთ მიტოვებული ლეკვების, ძაღლების, კატების ფოტოებს მძიმე ისტორიებით და მოწოდებით - იჩუქეთ. ადამიანები მოხალისეობრივად აგროვებენ ფულს ცხოველთა საჭიროებებისთვის, მათ შორის გადაუდებელი, თუ გეგმიური ოპერაციებისთვის. ზოგჯერ ხერხდება ძაღლების უცხო ქვეყანაშიც გაჩუქება. თუმცა ეს ძალისხმევა საერთო სურათს არსებითად ვერ ცვლის.

სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ ის, რაც ხდება, მოქალაქეების და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. პრობლემას კი, თავშესაფარი და მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაცია მოაგვარებს. ამასთან კონტროლი და სანქციები, რომ პატრონი საკუთარ ოთხფეხა მეგობარს გაუფრთხილდეს და ქუჩისთვის არ გაიმეტოს.

"ადამიანებმა უნდა შევცვალოთ მიდგომა, ძაღლებმა კი არა. როგორც გავყარეთ ქუჩაში, როგორმე ისევ უნდა შემოვიყვანოთ სახლებში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხმაური არ იყოს და რა თემაზეც ხმაური არ არის, არაფერს არ გააკეთებს. ესენი ორიენტირებული არიან ბუტაფორიულ მოქმედებებზე", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია.

მისი თქმით, წლების განმავლობაში რეალური ზრუნვისკენ მიმართული შრომა რომ ყოფილიყო, კონკრეტული შედეგიც იქნებოდა.

დღეს როსტომ ზარანდია ოთხფეხა მეგობარ "ტიგრასთან" ერთად ცხოვრობს, რომელიც ქუჩიდან შეიფარა. თავად ამირჩია პატრონად, როცა მშიერ ძაღლებს ვაპურებდიო, იხსენებს.

მიუსაფარ ცხოველებს საკუთარი სახსრებით და მეგობრების დახმარებით კვებავს. ყველასთვის სამყოფი როცა არ აქვს, უწევს არჩევანი დაუძლურებულ, სუსტ და შედარებით ჯანმრთელ ძაღლებს შორის გააკეთოს. ეს კი, როგორც ამბობს, ემოციურად იოლი სულაც არ არის.

როდის გვექნება თავშესაფარი

მუნიციპალური განვითარების ფონდში ჯერაც არ იციან როდის დაიწყება 2018 წელს დაანონსებული თავშესაფრის მშენებლობა. ეს თავშესაფრები, რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებით, ყველა რეგიონს 2019 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონოდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მუნიციპალურ ფონდს პროექტი უკვე მზად აქვს, თავად კი საჭირო თანხების მოძიებაზე მუშაობენ.

ზუგდიდის მერია აღიარებს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მათთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელზეც "აქტიურად" მუშაობენ.

ისინი თავშესაფრის მოწყობას მოსახლეობას ჯერ კიდევ 2015 წლიდან ჰპირდებიან.

სანამ ზუგდიდში რეგიონული თავშესაფარი აშენდება, მანამ ადგილობრივ ხელისუფლებას ცხოველები მეზობელ მუნიციპალიტეტებში მოქმედ თავშესაფრებში მიჰყავს. მაგალითად წელს, 360 ძაღლი გაიყვანეს და მიკედლების ადგილას სტერილიზაცია-კასტრაციის და ვაქცინაცია-დაბირკვის შემდეგ დააბრუნეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს
მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
15:01 / 23.11.2022
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.